თეგი: ჯულიან სმიტი

NATO-ში ამერიკის ელჩი რუსეთზე, უკრაინასა და საქართველოზე

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმიტმა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის რეკომენდაცია პუტინისადმი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევის მცდელობად შეაფასა. ელჩის შეფასებით, ეს ნაბიჯი აშკარად იქნება ესკალაციის ახალი ნიშანი, აშშ შეშფოთებულია და ამ საკითხს ყურადღებით დააკვირდა, ამასთან, განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს რუსეთის მიმართ დამატებითი შეტყობინებების თვალსაზრისით. „ჩვენთვის ცნობილია ამის შესახებ და ახლახან გენერალურმა მდივანმაც ისაუბრა თავის პრესკონფერენციაზე, თუმცა ნამდვილად ღირს გამეორება, რომ თუ ისინი ამ პროცესს განაგრძობენ, ვფიქრობ, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა და ასევე მინსკის შეთანხმების დარღვევა“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა. მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ყველასთვის კარგად არის გასაგები რუსეთის თამაშის წესები და ეს ხშირად შეიძლება, მოიცავდეს პროცესებში სამხედრო ძალების ჩართვას და მათ გადააადგილებას, მაგალითად, როგორც ეს ვნახეთ დონბასსა და ყირიმში, ასევე - საქართველოში, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში. თუმცა, ელჩის თქმით, რუსები ასევე იყენებენ ჰიბრიდულ ან რუხი ზონის ტაქტიკას და ეს მოიცავს დეზინფორმაციასაც. ჯულიან სმიტის თქმით, ალიანსი მუშაობს როგორც NATO-ში წარმოდგენილ 30 მოკავშირესთან, ასევე, სხვა ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროკავშირთან ერთად და ბევრად უფრო მოქნილია პირველ რიგში, იმის განსაზღვრაში, თუ როდის იყენებს რუსეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა დეზინფორმაციას, როგორ შეაკავოს ან აღმოაჩინოს ის. „იმედია, უფრო მოქნილები გავხდით მისი პრევენციის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.  ელჩმა მომდევნო დღეების განმავლობაში დადგეგმილ თავდაცვის მინისტერიალზეც ისაუბრა. „ეს მნიშვნელოვანი შეკრებაა არამხოლოდ იმიტომ, რომ განიხილება რუსეთ-უკრაინის საკითხი, არამედ ჩვენ ასევე ვიქნებით ფოკუსირებული ბევრ სხვა საკითხზე, რაც NATO-ს ფოკუსშია ახლა თავდაცვისა და შეკავების პოზიციების გასაძლიერებლად.გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა პარტნიორებთან უკრაინასთან და საქართველოსთან; სხვა პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი და თუნდაც ევროკავშირი. ასე რომ, რამდენიმე დატვირთული დღე გველის“, - განაცხადა NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი. 14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს. 14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“. რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.

NATO-ში ამერიკის ელჩი: უნდა გადავამოწმოთ, ნამდვილად დგამს თუ არა რუსეთი ნაბიჯებს დეესკალაციისკენ

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯულიან სმიტი რუსეთის წარმომადგენლის განცხადებას აფასებს. როგორ უპასუხებთ რუსეთის განცხადებას, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას წვრთნების შემდეგ იწყებენ, ამ შეკითხვით მიმართეს ელჩს ჟურნალისტებმა. „რაც შეეხება ცნობებს, რომლებსაც რუსები ავრცელებენ; მათ განცხადებებს, რომ დეესკალაციას ახდენენ. მხოლოდ ის შემიძლია გითრათ, რომ ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ეს. შეიძლება გახსოვთ, დეკემბრის ბოლოსაც იყო მსგავსი განცხადებები, რომ ისინი დეესკალაციას ახდენდნენ და რეალურად, ადგილზე არსებული ფაქტები ამას არ ადასტურებდა. ასე რომ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვესმის, რაზე საუბრობენ, როდესაც ამბობენ დეესკალაციას, და გვინდა გადავამოწმოთ, რომ ეს სინამდვილეში ხდება. იმედი მაქვს, მომდევნო დღეებში უფრო მეტს გავიგებთ“, - აღნიშნა ჯულიან სმიტმა. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.

NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინა და საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

უკრაინა და საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსის ყველა წევრს ესმის საქართველოსა და უკრაინასთან არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა. „ალიანსის ყველა წევრს ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და უკრაინასთან გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ქართველი და უკრაინელი მეგობრებისთვის მესიჯი ძალიან ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და პატივს ვცემთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ის, რომ ალიანსის გაფართოების კარი ღიაა", - განაცხადა ჯულიან სმიტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება სამხედრო თვითმფრინავი, რათა უკრაინელმა სამხედროებმა შეძლონ თავიანთი მიწის უფრო ეფექტურად დაცვა, რადგან უკრაინა უამრავ ადამიანს კარგავს. „თუ თქვენ სიმტკიცე არ გაქვთ, ცა ჩაკეტოთ, მაშინ გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, ჩვენ რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი. ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ”, - განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ გმობს იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ მიაწოდონ ასეთი თვითმფრინავები უკრაინას, რადგან ისინი დიდ დახმარებას უწევენ. „უკრაინა ამისთვის მათი მადლიერია. მე მესმის როგორც პოლონეთი, ასევე შეერთებული შტატები. მე მათ არაფერში დავადანაშაულებ. ისინი ბევრს აკეთებენ, მე მადლობელი ვარ", - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არ აპირებენ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას, თუმცა ეს ინფორმაცია მანამდე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა დააფიქსირა. ბოლო დღეებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ შესთავაზა უკრაინას გარკვეული დახმარება ლეტალური იარაღით ან აღჭურვილობით რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. კერძოდ, პოზიცია რადიკალურად შეიცვალა გერმანიამ, რომელიც აქამდე ეწინააღმდეგებოდა და ასევე ბლოკავდა სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი წარმოების იარაღის მიწოდებას. NATO უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას პასუხობს. ალიანსი არ განიხილავს ფრენის აკრძალული ზონის საკითხს უკრაინაში რუსულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად, განაცხადა ალიანსში აშშ-ის ელჩმა. BBC News-თან საუბრისას ჯულიანა სმიტმა განაცხადა: „ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ NATO უნდა იყოს მხარე ამ კონფლიქტში“. ”[ჩვენ] უზარმაზარ, როგორც ლეტალურ, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ. NATO-ს მოუწოდებენ ფრენის აკრძალული ზონის შემოღების თაობაზე, რათა შეაჩეროს რუსული თვითმფრინავების გამოყენება ადგილზე მისი ძალების მხარდასაჭერად, მაგრამ ბევრმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ეს ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. ჯულიან სმიტმა ბირთვული ძალების უმაღლეს მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პუტინის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. „მიუღებელია ჩვენთვის, რომ რუსეთი რაიმე სახის ესკალაციაზე საუბრობს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს რიტორიკა უკიდურესად სახიფათოა და ზრდის არასწორი გათვლების რისკს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რუსეთმა დატოვოს უკრაინა, შეწყვიტოს ცეცხლი და მოახდინოს ამ სიტუაციის დეესკალაცია.

NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი ახლა მაგიდაზე არ დევს

აშშ-ის ელჩმა NATO-ში ჯულიან სმიტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი „ახლა განსახილველად მაგიდაზე არ დევს“. უკრაინის ცაზე არასაფრენის ზონის შექმნა ახლა არ განიხილება. ვფიქრობ, ჩვენი მიზანი ახლა არის ამ ომის დასრულება,  ვაიძულოთ რუსეთი, დატოვოს უკრაინა, შეაჩეროს ეს თავდასხმები როგორც უკრაინელ სამხედროებზე, ასევე, ეს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის გაფართოება. ასე რომ, თუ ჩვენ განვიხილავთ არასაფრენი ზონის რაიმე მსგავსს, ეს არასწორი მიმართულებით წაგვიყვანს. ჯულიან სმიტი ასეთი ვარიანტის განხილვის სარგებლიანობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „მაგალითად, ბოლო თავდასხმაზე რომ ვისაუბროთ, რომელიც  პოლონეთის საზღვრიდან  დაახლოებით 15 კილომეტრი. ეს აჩენს კითხვას, ექნება თუ არასაფრენი ზონის შექმნას უკრაინის საჰაერო სივრცეში, რეალურად დიდი გავლენა რუსეთის უნარზე, შეტევა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს უფრო ფართო ჭრილში წარმოშობს კითხვებს“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი NATO-ში. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას მუდმივად ითხოვს და ამისთვის ცის დახურვისკენ მოწოდებებით აქტიურად გამოდის. მაგალითად, 4 მარტს, დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. 15 მარტს, ეს მოთხოვნა ზელენსკიმ, კანადის პარლამენტისადმი ვირტუალურტი მიმართვისას კვლავ დააფიქსირა. თუმცა NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავს. ასევე წაიკითხეთ ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო

რუსები ავითარებენ ნარატივს მეორე ფრონტზე, ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს მშვიდობიანი ქვეყანა - NATO-ში აშშ-ის ელჩი

NATO-ში შეერთებული შტატების ელჩი განცხადებებს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნასთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს უწოდებს. ამის შესახებ ჯულიენ სმიტმა "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-თან ინტერვიუში ისაუბრა. სმიტის თქმით, რუსეთი ცალკეულ ქვეყნებში საზოგადოების გასახლეჩად ჰიბრიდულ ტაქტიკებს იყენებს. „რუსები დიდი ხანია, ავითარებენ ალტერნატიულ ნარატივს მეორე ფრონტის შესახებ, ეს ყალბი ნარატივია და ამას ჩვენ საერთო ძალისხმევით უნდა დავუპირისპირდეთ. მთავარი, რაც ამერიკას და NATO-ს სურთ, არის რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, სტაბილური ქვეყანა და რომ ყველამ პატივი სცეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. იმედი მაქვს, ქართველიო ხალხი გაერთიანდება და ერთიანი ძალისხმევით უკუაგდებს რუსულ კონტრნარატივს მეორე ფრონტის თაობაზე. სასურველია, ქართველი ხალხი და პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ. სწორედ ეს ერთობაა ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე, მათ შორის რუსული ცრუ ნარატივის მოსაგერიებლად. რუსეთის მცდელობები გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება, ძალიან ძალიან რეალურია. რუსეთი ახლა ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებს, რომ ეს გახლეჩა საზოგადოების შიგნიდან მოხდეს, როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე ცალკეულ ქვეყნებში", - განაცხადა ჯულიენ სმიტმა.  

NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, როგორც NATO-ს ახლო პარტნიორს, ვერ ვხედავ რაიმე საპირისპირო კურსს

აშშ-ის ელჩმა NATO-ში ჯულიან სმიტმა ვილნიუსის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ესწრება სამიტს და ზოგი ამბობს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი თქვა NATO-ზე და მისი გადაადგილება კრემლის ორბიტისკენ უფრო შორს მიმავალია. მოითხოვს თუ არა ეს რაიმე პოლიტიკურ პასუხს ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან?“ - მიმართა ჯულიან სმიტს მედიის წარმომადგენელმა ონლაინ ბრიფინგზე. „საქართველო NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორად რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა გააკეთა 2008 წელს - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული. ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდით დგომას, რადგან ისინი მუშაობენ სრული სუვერენიტეტისკენ და მხარს ვუჭერთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ მე ვერ ვხედავ რაიმე საპირისპირო კურსს იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უყურებს ალიანსი საქართველოს. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს, როგორც NATO-ს ახლო პარტნიორს და მომავალში ცვლილებას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ჯულიან სმიტმა. ექსკლუზივი: აშშ: საქართველო NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორია - ვაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას NATO-სთან მისი თავსებადობის ასამაღლებლად ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ NATO-ში საქართველოს სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას „არსებითი მნიშვნელობის“ რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები

NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა ვილნიუსის სამიტის წინ Youtube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სხვადასხვა შეკითხვას უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს და მისი წევრობის პერსპექტივას ეხებოდა. „2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ განვაცხადეთ არამხოლოდ ის, რომ უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არამედ, აღვნიშნეთ ისიც, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. საქართველო უკვე არის NATO-ს უახლოესი (incredibly) პარტნიორი. საქართველო მონაწილეობდა NATO-ს ოპერაციებში. ჩვენ ცხადია, ვაგრძელებთ იმის დაგმობას, რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა და რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რაც ეხება მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ მუშაობას მათთან ერთად საქართველოს უნიკალურ პარტნიორობაზე ალიანსთან“, - განაცხადა ჯულიან სმიტმა. NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, როგორც NATO-ს ახლო პარტნიორს, ვერ ვხედავ რაიმე საპირისპირო კურსს

NATO-ში აშშ-ის ელჩმა ტრამპის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა

NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა ალიანსთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. მან უპასუხა Financial Times-ის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა ალიანსის გენერალურ მდივანს, რომ დონალდ ტრამპის განცხადებებმა, რომლებიც ძირს უთხრის მეხუთე მუხლს, უფრო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცები. „კრემლის წახალისება საიმისოდ, რომ თავს დაესხას NATO-ს რომელიმე წევრს ან ალიანსის ტერიტორიას, მართლაც დიდ საფრთხეში აყენებს ჩვენს ჯარისკაცებს, ამერიკელ ჯარისკაცებს და ჩვენი ალიანსის ჯარისკაცებს. ასეთი განცხადებები სახიფათო და გულწრფელად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლოა,“ - განაცხადა სმიტმა. „NATO-ს უსაფრთხოების შესახებ უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება“ - გამოხმაურებები ტრამპის განცხადებაზე  

საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე ეძებენ გზებს NATO-სთან ურთიერთობის გასაღრმავებლად - NATO-ში აშშ-ის ელჩი

NATO-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯულიან სმიტმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებისთვის ონლაინ ბრიფინგი გამართა. მან სხვა საკითხებთან ერთად შეაჯამა ალიანსის გენმდივნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში. სმიტმა ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ძალიან ღირებულია. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. აზერბაიჯანი და სომხეთი ასევე ამყარებენ ურთიერთობებს NATO-სთან, თუმცა სმიტმა აქვე აღნიშნა, რომ ყველა პარტნიორი არ ცდილობს ალიანსში გაწევრიანებას. NATO-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გახდეს ალიანსის ნაწილი. „გენერალური მდივანი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა კავკასიის რეგიონში, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო. მან შეძლო რამდენიმე სხვადასხვა დედაქალაქის მონახულება. და ეს უფრო ფართოდ მეტყველებს NATO-ს პარტნიორობის ღირებულებაზე. ეს არის ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს ურთიერთობა NATO-ს ალიანსთან. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. რა თქმა უნდა, გახსოვთ, 2008 წელს ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინაც და საქართველოც გახდებიან ალიანსის წევრები და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მეგობრებთან ერთად საქართველოში იმ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა მათი გაწევრიანების მისწრაფებებისთვის. მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც. სომხეთი და აზერბაიჯანი ასევე ეძებენ გზებს NATO-ს ალიანსთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. ეს მეტყველებს ამ პარტნიორობის ღირებულებაზე, სადაც ყველა პარტნიორი თავისთავად არ ისწრაფვის გაწევრიანებისკენ, მაგრამ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის მოკავშირეებთან შეხვედრა ძალიან სასარგებლოა, რათა განიხილებოდეს უსაფრთხოების ზოგიერთი ჩვენი საერთო გამოწვევა, იქნება ეს დეზინფორმაციის თუ კიბერშეტევების ან საზღვაო უსაფრთხოების საკითხები. არის მთელი რიგი თემები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, და ჩვენი მეგობრებისთვის კავკასიაში ცხადია, რომ ისინი ნამდვილ ღირებულებით პარტნიორობას პოულობენ ალიანსთან და ეჭვგარეშეა, რომ NATO-ს მოკავშირეებისთვისაც ღირებულია ეს პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯულიან სმიტმა. „მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში